შინაარსზე გადასვლა

ლაჩინის დერეფანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაჩინის დერეფნის 2020–2022 წლების რუკა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.
ლაჩინის გამშვები პუნქტი 2017 წელს

ლაჩინის დერეფანი (სომხ. Լաչինի միջանցք; აზერ. Laçın dəhlizi ან Laçın koridoru; რუს. Лачи́нский коридо́р) — მთის გზა, რომელიც აკავშირებს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს.[1] როგორც ამ ორ ტერიტორიას შორის ერთადერთ გზას, მას ხშირად უწოდებდნენ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის „მხსნელ გზას“.[2] კორიდორი იურიდიულად შედის აზერბაიჯანის ლაჩინის რაიონში, მაგრამ იმყოფება რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლის ქვეშ, როგორც ეს გათვალისწინებულია 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად. დერეფნის ტერიტორია 2022 წლამდე მოიცავდა სოფლებს ზაბუხს, სუსს და თავად ქალაქ ლაჩინს. 2022 წლის 26 აგვისტოს ეს დასახლებები აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა. ოთხი დღის შემდეგ, გაიხსნა ახალი ალტერნატიული მარშრუტი სამხრეთისაკენ, რომელიც გვერდს უვლის ზაბუხს, სუსსა და ლაჩინს და სამაგიეროდ გადის სოფლებზე ბოიუქ-ყალადარასი და ქიჩიქ-ყალადარასი.[3]

სამშვიდობო ხელშეკრულებაში ნათქვამია:

ვიკიციტატა
„სომხეთის რესპუბლიკა დააბრუნებს [...] ლაჩინის რაიონს [2020 წლის] 1 დეკემბრისთვის. ლაჩინის დერეფანი (5 კმ სიგანე), რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღიდან სომხეთამდე მისასვლელს და ქალაქ შუშას გვერდს უვლის, დარჩება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლის ქვეშ. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვროს სამშენებლო გეგმა ლაჩინის დერეფნის გასწვრივ გადაადგილების ახალი მარშრუტისთვის, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის და შემდგომში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის გადანაწილება. აზერბაიჯანის რესპუბლიკა უზრუნველყოფს მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებების და საქონლის გადაადგილების უსაფრთხოებას ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ორივე მიმართულებით.“

2022 წლის 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანის მოქალაქეების ჯგუფმა, რომლებიც თავს ეკოაქტივისტებს უწოდებენ, გადაკეტეს ლაჩინის დერეფანი, რის შედეგადაც 1100 ადამიანი, მათ შორის 270 ბავშვი ვერ ახერხებს სახლში დაბრუნებას.[4] შედეგად აზერბაიჯანმა სომხეთიდან მთიანი ყარაბაღის მიმართულებით გაზის მიწოდება შეწყვიტა, რამაც მთიანი ყარაბაღის 120 000 სომეხი მაცხოვრებელი ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე დააყენა.[5][6] სამი დღის შემდეგ გაზმომარაგება აღდგა.[7][6]

მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანული ძალების მიერ ოთხი წლის განმავლობაში, 1988 წლის აგვისტოდან 1992 წლის მაისამდე იყო ბლოკირებული.[8] 1992 წლის ივნისში დერეფანი არცახის თავდაცვის არმიის კონტროლის ქვეშ მოექცა.[2] ადმინისტრაციულად შედიოდა არცახის რესპუბლიკის ქაშათაგის რაიონის შემადგენლობაში. მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, რომელიც დასრულდა რუსეთის შუამავლობით შედგენილი ზავით, ლაჩინის დერეფანი გახდა ერთადერთი დამაკავშირებელი გზა სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, რეგიონში ახალი დერეფანი აშენდება, რადგან ამჟამინდელი დერეფანი ქალაქ ლაჩინზე გადის, როდესაც ეს ახალი დერეფანი დასრულდება, ქალაქი დაუბრუნდება აზერბაიჯანის ადმინისტრაციას.[9] ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ლაჩინის დერეფანში 200-მდე სომეხი დარჩა, მათგან 30 სოფელ სუსში, 100-დან 120-მდე ლაჩინში და 40-ზე მეტი ზაბუხში.[10]

2022 წლის აგვისტოში აზერბაიჯანმა ააგო გზის თავისი ნაწილი ლაჩინის გარშემო, სომხეთმა კი — არა. 2 აგვისტოს სომხეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მათ გადასცა მოთხოვნა სომხეთთან კომუნიკაცია სხვა გზით, არსებულის გვერდის ავლით მოეწყოთ.[11] ლაჩინის ირგვლივ განახლებული შეტაკების შემდეგ, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მოთხოვნა ლაჩინის დერეფნის შესახებ უკანონოა, რადგან სომხური მხარე ჯერ არ დათანხმებია ახალი გზის მშენებლობის რაიმე გეგმას. აზერბაიჯანმა სომხეთი გზის მისი ნაწილის მშენებლობის გაჭიანურებაში დაადანაშაულა. 4 აგვისტოს სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა განაცხადა, რომ ლაჩინის ალტერნატიული გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება.[12] 5 აგვისტოს სომხეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლაჩინის, ასევე ზაბუხისა და სუსის მცხოვრებლებს უთხრა, რომ 25 აგვისტომდე დაეტოვებინათ სახლები, რის შემდეგაც ქალაქები აზერბაიჯანს გადაეცემოდა.[13][14] ზოგიერთმა სომეხმა მაცხოვრებელმა დაწვა საკუთარი სახლი.[15] 26 აგვისტოს მდგომარეობით აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ლაჩინის დერეფნის დასახლებებზე, მათ შორის ლაჩინზე, სუსზე და ზაბუხზე.[16] მალევე გაიხსნა ახალი ალტერნატიული გზა, რომელიც გადის სამხრეთით მდებარე სოფლებზე ბოიუქ-ყალადარასი (მეწშენი) და ქიჩიქ-ყალადარასი (ჰინშენი).[3] 2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანმა გადაკეტა დერეფანი, რამაც ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნა მთიანი ყარაბაღის სომხებისთვის. აზერბაიჯანის ქმედებები დაგმეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, საფრანგეთმა, საბერძნეთმა, ნიდერლანდებმა, რუსეთმა, კანადამ და სხვა ქვეყნებმა.[17][18][19][20][21]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Azerbaijan enters Nagorno-Karabakh district after peace deal. Al Jazeera (20 November 2020). ციტატა: „The Russian peacekeeping force of some 2,000 troops has deployed to the administrative centre of the region, Stepanakert, and set up checkpoints and observation posts along the strategic Lachin corridor connecting Nagorno-Karabakh with Armenia.“
  2. 2.0 2.1 Lachin is a ghost-town -- a crowd of burned-out,... en. ციტირების თარიღი: 2022-12-17
  3. 3.0 3.1 Shahverdyan, Lilit; Kucera, Joshua. Armenians warily travel along "the new road" to Karabakh | Eurasianet (2022-09-15). ციტირების თარიღი: 2022-09-22
  4. Blockade of Nagorno-Karabakh (19 December 2022). ციტირების თარიღი: 28 December 2022
  5. Gray, Sébastien. (13 December 2022) Azerbaijan Cuts off Gas to Artsakh, Blocks Lachin Corridor. ციტირების თარიღი: 28 December 2022
  6. 6.0 6.1 Азербайджан возобновил подачу газа в Нагорный Карабах (16 December 2022). ციტირების თარიღი: 28 December 2022
  7. Gas restored to Karabakh, but road remains closed for fifth day | Eurasianet en. ციტირების თარიღი: 19 December 2022
  8. Dates and facts around Nagorno-Karabakh's 30-year long conflict en (2016-04-05). ციტირების თარიღი: 2022-12-26
  9. İlham Əliyev: "Yeni dəhliz hazır olandan sonra Laçın şəhəri bizə qaytarılacaq" az. BBC Azerbaijani Service (1 December 2020). ციტირების თარიღი: 4 December 2020
  10. Sara Petrosyan. (22 February 2021) Փոքրաթիվ հայեր դեռևս բնակվում են Քաշաթաղում, բայց դա ռուսների քմահաճույքով է պայմանավորված. Hetq. ციტირების თარიღი: 23 February 2021
  11. Обострение в Нагорном Карабахе: что происходит и почему это важно.
  12. Новая война в Карабахе? В Баку и Ереване винят друг друга и оглядываются на Москву.
  13. Lachin residents given 20 days to leave homes ahead of Azerbaijan handover en-US (2022-08-05). ციტირების თარიღი: 2022-08-07
  14. LLC, Helix Consulting. Айк Ханумян предупредил жителей Ахавно и Бердзора, что до 25 августа они должны покинуть свои дома – главы общин - aysor.am - Горячие новости из Армении.
  15. Узел, Кавказский. Азербайджанские пожарные прибыли в Лачин после поджогов армянами своих домов. ციტირების თარიღი: 2022-08-25
  16. Azerbaijani forces are stationed in Lachin, Karabakh: President Aliyev en-US (26 August 2022). ციტირების თარიღი: 2022-08-26
  17. Foreign Ministry calls on Azerbaijan to end Lachin corridor blockade | eKathimerini.com.
  18. UN Chief Urges Reopening Of Karabakh-Armenia Corridor.
  19. Lachin Corridor: Greece calls on Azerbaijani authorities to ensure security of movement.
  20. French Foreign Ministry urges to resume traffic via Lachin corridor.
  21. Reports are concerning: Dutch PM comments on situation in Lachin Corridor.